17 ოქტომბერი, 2020
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და ქალაქში ვიმყოფები, მუნიციპალიტეტში, რომელიც საკუთარი ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და, რაღა თქმა უნდა - მარტვილის საოცარი კანიონით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.
აქ, მარტვილის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული ღირსებისა და შეგნების ხალხი ცხოვრობს. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, არაერთი ჩვენი თანამოქალაქისათვის, თქვენს დასახასიათებლად საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სიტყვებიც კმარა, რომლითაც მან საბჭოთა ოკუპანტებს მიმართა - „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“
ჩემთვის, ერთი რიგითი ქართველისთვის, ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აღწერს თქვენს ბუნებას და შეუდრეკელ ხასიათს, მითუმეტეს, კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებისა და ძალმომრეობის ატანა გიწევდათ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.
2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში და რასაკვირველია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია
და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.
სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და, რა თქმა უნდა, ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.
ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ და არ ჩამომართვათ ეს ტრაბახში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს ღირსეულად, გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“.
მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰქვია.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!